ბექა ბოლქვაძის პირველი პერსონალური გამოფენა ავსტრიაში

სურათი

22 ოქტომბერი 2016 წელი

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ავსტრიული მხარის მოწვევითა და ორგანიზებით  21 ოქტომბერს, ავსტრიის ქალაქ კრემსში, გალერეა ,,დალიკო“-ში ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის პედაგოგის,  ბექა ბოლქვაძის პერსონალური გამოფენა მოეწყო. ქართველი ხელოვანის ფერწერულ ტილოებთან ერთად წარმოდგენილი იყო ავსტრიელი ფოტოგრაფის, უში ოსვალდის ბათუმში გადაღებული ფოტოები.
 
გამოფენა კრემსის ,,დუნაის უნივერსიტეტის“ ხელოვნებათმცოდნეობისა და კულტუროლოგიის პროფესორმა, დოქტორ ბარბარა მარგარეტ ეგერტმა გახსნა. საღამოზე გაიმართა ,,ბათუმის კატალოგის“ პრეზენტაცია, სადაც თავმოყრილი იყო 2015 წელს ბათუმში გამართული ავსტრიულ-ქართული პლენერის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები. საღამო მუსიკალურად გააფორმეს ასტრიდ ფროლიხმა და სარა ლინდნერმა.
 
გამოფენის გახსნას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე დაესწრო.
 
„ჩვენი მიზანია ახალგაზრდა ხელოვანების წარმოჩენა და ხელშეწყობა.მსგავსი ღონისძიებები ემსახურება ჩვენი ქვეყნისა და კულტურის პოპულარიზაციას" - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ნათია სირაბიძემ.
 
ბათუმელი მხატვრის გამოფენას ხელოვნებათმცოდნეები, საქართველოს საელჩოსა და კრემსის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
ბექა ბოლქვაძე ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმისა და შემდგომ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია სახვითი ხელოვნების მიმართულებით. ამჟამად ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორია. 2009 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, ხოლო 2010 წლიდან აჭარის ახალგაზრდა მხატვართა კავშირის თავმჯდომარე.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930